ფერისცვალების ხატი

 

ღვთისმშობლის ხატი

 

ასლები

 

 

 

ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია, "ფერისცვალების" ხატი უადრესია (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი - "... ქორონიკონი იყო რ~ვ", ე.ი. 886 წელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად" (გ. ჩუბინაშვილი).

"ფერისცვალების" ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში - "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIII) საუკუნეების ამბებია აღწერილი. ერთგან აქ ნათქვამია, რომ ზარზმის წინამძღვარმა "სრულყო ეკლესიაY და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაY". სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) - ხის დაფაზე მორგებული (131×74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი. თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები - პეტრე, იაკობი და იოანე. "ფერისცვალების" დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც - სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის "ფერისცვალების" ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში - Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.). ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი, რომელიც "ღირს იქმნა შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა". ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა.

   

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ერთი შესანიშნავი ნაწარმოებთაგანია. გამორჩეულია იგი თავისი მაღალი მხატვრული ღირსებებით, საშემსრულებლო ოსტატობით, იკონოგრაფიული მონაცემების სიმდიდრითა და თავისებურებებით.

ზარზმის "ღვთისმშობელი" ვერცხლისგან გამოჭედილი (მოოქრული) მოზრდილი ხატია, 80×64 სმ. წარმოდგენილია ღვთისმშობელი ყრმით, დედა-შვილური ალერსითა და სითბოთი გამსჭვალული, კარგად შეკრული და გამთლიანებული კომპოზიცია, გარშემო კი, ჩარჩოს არშიებზე - სიუჟეტური სცენები ქრისტეს და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან. ხატს მოჰყვა ვრცელი საქტიტორო წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის "გლახაკი ეპრაქსია", დედა "ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა" - ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან. მოხსენიებული არცერთი ისტორიული პირის ვინაობის დადგენა არ ხერხდება. მაგრამ მთელი ეს მოჭედილობა - ცალკეული კომპოზიციების აგებულება, ფიგურათა სწორი პროპორციული თანაფარდობა, სკულპტურულ ფორმათა პლასტიკური გამომსახველობა, პოზა და ჟესტიკულაცია, სხეულზე მარჯვედ მორგებული სამოსელი და მკაფიოდ გამოვლენილი სხეულის აღნაგობა, გულდასმით გამოყვანილი ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი - ყველაფერი ეს სრულად ასახავს XI ს. პირველი ნახევრის ქართველი ოქრომჭედლების შემოქმედებით აქტივობასა და მიღწევებს. ყველა ამ ნიშნით ზარზმის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში ამ დიდი "სკულპტურული ეპოქის" პირველხარისხოვანი ძეგლების გვერდით დგას. ამავე ხანას უკავშირდება ზარზმის "ღვთისმშობელი" მოკრძალებული ორნამენტული მორთულობითაც, ქართული ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიითაც. რაც შეეხება იკონოგრაფიას, უწინარესად აღსანიშნავია ხატის ძირითადი კომპოზიცია. აქ წარმოდგენილი ღვთისმშობელი ყრმით "ელეუსას" სახელით ცნობილი ტიპის ერთ-ერთი უადრესი მაგალითია, ოქრომჭედლობის ძეგლებიდან ყოველ შემთხვევაში, ამასთან ამ ტიპის უკვე სავსებით დასრულებული ვერსიით. ზარზმის ღვთისმშობლის ხატს ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სპეციალისტები (უცხოელებიც), იკონოგრაფიულ მოტივებზე და დეტალებზე მსჯელობისას. ყურადღებას იპყრობს სიუჟეტური სცენებიც ხატის ჩარჩოზე. მაგ., "მირქმა" ცენტრში ანთებული სანთლით, დეტალი, რომელიც მთელ აღმოსავლეთ-ქრისტიანულ სამყაროში თითქოს არსად არის დაფიქსირებული. ანდა "ფერისცვალება", სადაც ზედა რეგისტრის სამივე ფიგურა (ქრისტე და წინასწარმეტყველნი) წრიული მოხაზულობის შარავანდედშია (მანდორლაში) მოქცეული. ან კიდევ მარიამის ცხოვრების ამსახველი სცენები ქვედა არშიაზე; მთელი ქართული ოქრომჭედლობიდან ეს ამ თემის ერთადერთი ნიმუშია.

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი ხშირად არის ჩართული ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ ზოგადი ხასიათის წიგნებშიც, სხვადასხვა კატალოგებშიც. ინტერესი ამ ხატის მიმართ, XX ს. დასაწყისიდან მოყოლებული, დღემდე არ განელებულა.


 

 

2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ბატონი დავით ჭყოიძე მის მეგობრებთან ერთად სტუმრობდა ზარზმის მონასტერს. შესაწირის სახით ამოაბრძანეს დიდი მოვერცხლილი ჯვარი ათორმეტი დღესასწაულის სცენებით გალვანიკაში შესრულებული, ამის შემდეგ გაეცნო რა მონასტრის ისტორიას დაებადა აზრი რომ შექმნილიყო მონასტრის უმთავრესი სიწმინდეთა ასლები, ზარზმის ფერისცვალებისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატები. მართლაც უფლის მადლით და   წყალობით 2008 წელს დაიწყო ამ უდიდესი საქმის განხორციელება რაშიც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღეს - დავით ჭყოიძემ, რევაზ ლეჟავამ, დავით ტაკიძემ, ზურაბ ჭყოიძემ, პაატა დევდარიანმა, ფრიდონ    ლიპარტელიანმა, გიორგი მნათობიშვილმა, ირაკლი თორდიამ, გიორგი ლომიძემ, თემურ ჯაფარიძემ.   გალვანიკაში შეასრულა - იოსებ ქაბზინაძემ, რევაზ ხაზალიამ, ეკა კახაშვილმა.   ხატების დასრულება მოხდა 2009 წლის სექტემბერში, ამის შემდეგ ბატონი გია მარსაგიშვილის უშუალო ხელშექწყობით მოხდა ხატების გადაბრძანება მუზეუმში და იქნა დაბრძანებული ორიგინალი ხატების გვერდით 20 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ მორწმუნე მრევლთან ერთად ადგილზე იქნა გადახდილი პარაკლისი, რის შემდეგ მოხდა მათი გადმოსვენება ზარზმის მონასტერში. ადიგენის რაიონიდან მრევლთან ერთად ლიტანიობით იქნა ამობრძანებული და დასვენებული ზარზმის მონასტერში 2009 წლის 10 ოქტომბერს, რის შემდეგაც ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა პარაკლისი და წარმოსთქვა ქადაგება და ისაუბრა ხატების მნიშვნელობაზე, რომ ზარზმის ფერისცვალებისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების წყალობით განმთლიანებულიყოს საქართველო, ვინც მიიღო მონაწილეობა ხატის შექმნაში ყველას მადლიერებით აუხსნა თუ რაოდენ დიდი საქმე გააკეთეს მათ და დალოცა ისენი და მათი ოჯახები, ეს სიხარული იყო უდიდესი ყველასთვის და განსაკუთრებით კი მონასტრის ძმობისთვის რაც გამოხატა მონასტრის წინამძღვარმა და მთელმა საძმომ ამ ადამიანთა მიმართებაში. მათი სახელები ოქროს ასოებით შევა მონასტრის ისტორიაში. ხატმა ფერისცვალებისამან და ღვთისმშობლისამან დალოცოს და გაახაროს ღვთის სათნო მონანი და მხევალნი. - რევაზ ლეჟავა, დავით ტაკიძე, დავით ჭყოიძე, ზურაბ ჭყიოძე, რევაზ ხაზალია, პაატა დევდარიანი, ფრიდონ ლიპარტელიანი, გიორგი მნათობიშვილი, ირაკლი თოდრია, იოსებ ქაბზინაძე, გიორგი ლომიძე, თემურ ჯაფარიძე, და ეკა კახაშვილი. მათი ღვაწლი და მოწყალება შეიწიროს უფალმა ღმერთმა, მიმადლოს მათ და მათ შთამომავალს მადლი ცხონებისა, მარად ფარვიდეს ეს უდიდესი სიწმიდეები ყველა ღვთის სათნო საქმეში, წინა უძღოდეთ მათ სასუფევლის კარამდის. ახაროს უფალმა და დედა ღვთისამ ორსავ სოფელსა შინა და ებარებოდნენ ისინი უფალს აწდა მარადის და უკუნისამდე ამინ.