შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ქვემოთ მოყვანილი კითხვარი განკუთვნილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის. დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს საშუალება აქვთ გამოგზავნონ შევსებული კითხვარი ელ.ფოსტის მისამართზე: contact@nimd.ge


ჩამოტვირთეთ კითხვარი


გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თითეული პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ ზოგიერთ შეკითხვას.


პოლიტიკა და ეკონომიკა

1. აპირებთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებ(ებ)ის ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში?


2. რა პოლიტიკას განახორციელებთ სასამართლოების დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად?


3. რა პოლიტიკას განახორციელებთ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის განსამტკიცებლად?


4. როგორი საარჩევნო სისტემა უნდა არსებობდეს საქართველოში?


5. როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ და რა პოლიტიკას გვთავაზობთ დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად? 

 

6. რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად?


7. როგორია თქვენი გეგმა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული თქვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში და რა კონკრეტული ინიციატივები გაქვთ?


8. ლარის კურსის გაუფასურებამ გასულ პერიოდში უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. აპირებთ თუ არა რაიმე პოლიტიკის გატარებას ამ მიმართულებით და თუ ასეა, რაში მდგომარეობს თქვენი გეგმა?


9. გთხოვთ, დაასახელოთ კონკრეტული ეკონომიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც 2020 წელს შესაძლებელი იქნება შეფასდეს თქვენი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები.


10. გთხოვთ, აღწეროთ თქვენი პოლიტიკა საგადასახადო და ფისკალურ პოლიტიკასთან მიმართებაში და დაასახელოთ/განიხილოთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ)  ამ მხრივ.

 

11. დაასახელეთ სახელმწიფო ხარჯების თქვენთვის მისაღები პროპორცია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, თუკი ასეთი პოზიცია გაქვთ გამოკვეთილი.


12. როგორია თქვენი პოლიტიკა სახელმწიფო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის მიმართ? რა პოლიტიკას გაატარებთ ამ მიმართებით?


13. გთხოვთ, პირობითად გაანაწილოთ საქართველოს ბიუჯეტი თქვენი პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით (მაგალითად: თავდაცვა 25%, ჯანდაცვა 25%, სოციალური სფერო 25%, განათლება 15%, სხვა 10% და ა შ. სადაც კატეგორიაში ''სხვა'' მხოლოდ 3%-ზე ნაკლები მოცულების მიმართულებები მოხვდება).


14. რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის? 


საზოგადოებრივი და სოციალური საკითხები

1. რა პოლიტიკის და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ასამაღლებლად?


2. რა ინიციატივებით (თუკი ასეთი გაქვთ) გამოდიხართ სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით?


3. რა პოლიტიკას გაატარებთ იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის უკეთ ორგანიზებისთვის?


4. რა წინადადებებს (თუკი ასეთი გაქვთ) გვთავაზობთ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის?


5. პარლამენტთაშორისი კავშირის (Inter Parliamentary Union) მონაცემებით, საქართველო 185-დან 147-ე ადგილს იკავებს საკანონმდებლო ორგანოს წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ. გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის.


6. რა პრობლემებს ხედავს თქვენი პარტია ბავშვთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული?


7. გთხოვთ, დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.


8. აპირებთ თუ არა სპეციალური პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის?


9. აპირებთ თუ არა რაიმე პოლიტიკის გატარებას სამოქალაქო სექტორის/არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობისთვის?

 

საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები

1. გთხოვთ, განიხილოთ საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და რა სტრატეგიის განხორციელებას აპირებთ ამ პრიორიტეტების რეალიზაციისათვის.


2. რომელ ქვეყნებთან/ქვეყანათა გაერთიანებებთან/ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/გაერთიანება/ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?


3. რა საკითხებს ანიჭებთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებების რეალიზაციის პროცესში?

 

4. რა საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებთ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?


5. როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია?


6. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

პროექტის დონორი
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.