ისტორია

ქეა საერთაშორისო კავკასიაში  1988 წლიდან მუშაობს, მას შემდეგ რაც სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად წამოვიწყეთ ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები. 1990-იანი წლებიდან ქეამ განახორციელა მრავალი ჰუმანიტარული და განვითარების პროექტი და იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ასეულობით ათას ადამიანს აღმოუჩინა დახმარება. კრიზისის დასრულების შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობამ ვეღარ შეძლო სახლებში დაბრუნება. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეირყა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოიშალა და უმუშევრობის დონემ  უპრეცედენტო დონეს მიაღწია. შეიქმნა სიტუაცია, როცა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება აღარ იყო საკმარისი. საჭირო გახდა ქეას მდგრადი ცვლილებებისთვის შეეწყო ხელი და ამიტომ 1995 წლიდან ქეა ჰუმანიტარული დახმარების ნაცვლად ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადაერთო.


2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქეამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს საკვები და პირველადი მოხმარების საგნები დაურიგა და უზრუნველყო სამშენებლო მასალებითა და თავშესაფრით.


ქეა საერთაშორისო


1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულის პერიოდში,ოცდაორი ამერიკული ორგანიზაცია გაერთიანდა, რათა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამანათები ომში გადარჩენილებისათვის მიეწოდებინათ. 1946 წლის 11 მაისს, ქეას 20 000 ამანათი ჩავიდა დანგრეულ ლე ჰავრის პორტში, საფრანგეთში. მას შემდეგ ათასობით ამერიკელი, მათ შორის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი, იღებდა მონაწილეობას ჩვენს ჰუმანიტარულ მისიაში და ოცი წლის განმავლობაში  ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ქეას 100 მილიონი ამანათი გადაეცათ.


წლების მანძილზე ჩვენი მისია გაიზარდა, ვუმკლავდებოდით რა ყველაზე მწვავე პრობლემებს. 1950-იან წლებში ჩვენი მუშაობის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა, რათა ამერიკაში ნაწარმოები ჭარბი ოდენობის საკვები მიგვეწოდებინა მათთვის ვინც შიმშილობდა. 1960-იან წლებში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია ვიყავით ვინც ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება დაიწყო, ხოლო 1970-იან წლებში აფრიკაში არსებულ ფართომასშტაბიანი შიმშილობის საპასუხოდ დავიწყეთ ჰუმანიტარული  და გრძელვადიანი აგრო-სატყეო პროექტების განხორციელება.


დღეს ქეა საერთაშორისო 14 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კონფედერაციაა. ჩვენი 12 000 ზე მეტი თანამშრომელი,რომელთა უმრავლესობაც იმ ქვეყნების მოქალაქეა, სადაც ჩვენ ვმუშაობთ - სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ცდილობს სიღარიბის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას.




სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუშაობისას ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ იმ საზოგადოებისაგან,რომელსაც ჩვენ ვემსახურებით.  გავაცნობიერეთ, რომ სიღარიბეს კავკასიაში მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, საჭიროა ამ მიზეზებთან სიღრმისეული ბრძოლა და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა და კოორდინაცია ყველა დონეზე. 


ამჟამად ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, კონფლიქტების პრევენციასა და ღარიბებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ განვითარებას. 


ქეას პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის დონის შემცირება და მდგრადი განვითარებისათვის პირობების გაუმჯობესების გზით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობა.


ჩვენი სახელი


ჩვენი სახელი ყოველთვის CARE-ს აკრონიმით იყო ცნობილი, თუმცა მნიშვნელობა ამ ასოებს მიღმა დროთა განმავლობაში, მისიის გაფართოებასთან ერთად შეიცვალა.


1945 წელს, ქეას დაარსებისას აკრონიმი იშიფრებოდა, როგორც "თანამშრომლობა ამერიკული გზავნილებისა ევროპაში" (Co-operative for American Remittances to Europe). დღესდღეობით ქეა  პროექტებს 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და  იშიფრება, როგორც "თანამშრომლობა დახმარებისა და ნუგეშისათვის ყველგან" (Co-operative for Assistance and Relief Everywhere, Inc.).